რა არის წვერის ზეთი და რატომ არის მთავარი წვერის მოვლის საშუალება?

წვერის ზეთი - Beard.ge

რა არის წვერის ზეთი ? როგორ და რატომ უნდა გამოვიყენოთ იგი ? მოდით სანამ ამ კითხვებს პასუხს გავცემდე პატარა შესავალს გავაკეთებ არა მხოლოდ წვერის ზეთზე, არამედ საქართველოში წვერის მოვლასა და წვერის მოვლის საშუალებებთან დაკავშირებით

წვერის მოვლის კულტურა საქართველოში

წვერის მოვლის კულტურა ახალი შემოსულია საქართველოში და ჯერ კიდევ არაა სათანადოდ დამკვიდრებული იმის მიუხედავად, რომ თვითონ წვერის მოშვების ტენდენცია დიდი ხანია გავრცელებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამის მიუხედავად, სულ რაღაც ორი ან თუნდაც ერთი წლის წინ ქართულ ინტერნეტ სივრცეში არ მოიძებნებოდა ინფორმაცია წვერის მოვლის შესახებ.

ზედმეტი იყო უკვე საუბარი თვითონ წვერის მოვლის საშუალებების ქართულ ბაზარზე არსებობაზეც კი. დღეს სიტუაცია საგრძნობლადაა შეცვლილი, უკვე შეგვიძლია საქართველოში წვერის მოვლის სხვადასხვა საშუალების შეძენა, მაგრამ მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ საჭიროა წვერის მოვლა, მაინც მცირეა და უმეტესობას ან არ აქვს ინფორმაცია მსგავსი პროდუქტის არსებობის შესახებ, ან არ თვლის აუცილებლად მის გამოყენებას.

წვერის მოვლა კი, დამერწმუნეთ, არაერთი ფაქტორის გამოა რეკომენდირებული. სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებების გარდა წვერის მოვლის საშუალებები თქვენს წვერს გაცილებით უფრო ესთეტიურს და გამორჩეულს ხდის. მოკლედ აუცილებლად მივიჩნიე ქართულ ინტერნეტ სივრცეში არსებული დეფიციტი შეძლებისდაგვარად შემევსო საინტერესო და გამოსადეგი ინფორმაციით. დეფიციტის არსებობას კი იმ უამრავი კითხვის არსებობა ადასტურებს, რომლებზეც პასუხს ამ სტატიაში გავცემ.

წვერის ზრდის დროს არსებული პრობლემები

წვერის ტარება ყოველთვის რიგ პრობლემებთანაა დაკავშირებული და პრობლემებში არ ვგულისხმობ ოჯახის წევრების და მეგობრების შემაწუხებელ ლექციებს წვერის გაპარსვასთან დაკავშირებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არგუმენტებსაა მოკლებული. რეალურად წვერის გაზრდის პირველივე თვიდან თავს იჩენს შემდეგი პრობლემები:
წვერის ქავილი - Beard.ge

  • წვერის ქავილი
  • კანის გამოშრობა
  • ჩაბრუნებული წვერის ღეროები
  • უსიამოვნო ჩხვლეტა
  • კანის გაღიზიანება
  • არასწორი მიმართულებით გაზრდილი წვერი
  • ქერტლი წვერზე და არაერთი სხვა პრობლემა

ძალიან ბევრი ადამიანი ამ ყველაფერს არ აქცევს ყურადრებას, ზოგი ითმენს და აგრძელებს წვერის ზრდას, ხშირად კი უბრალოდ წვერს იპარსავენ. თვითონ პრობლემის მიზეზს არა გრძელი წვერი, არამედ სახის კანი წარმოადგენს.

კანის ცხიმი მნიშვნელოვანია ჯანსაღი წვერისთვის

წვერის ყოველი ღერის დაბოლოებას კანში გააჩნია ჯირკვალი საიდანაც კანის ცხიმი გამოიყოფა. კანის ცხიმის ფუნქციური მნიშვნელობა გამოიხატება კანის ტენის დაკარგვისგან დაცვაში ისევე როგორც გარესამყაროს მავნე ზემოქმედებისგან და ინფექციებისგან დაცვაში. კანის ცხიმის როლი ასევე წვერის კვება და სიჯანსაღის შენარჩუნებაა.

წვერი ზრდასთან ერთად უფრო და უფრო მეტ ცხიმს საჭიროებს სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. ამის მიუხედავად გამოყოფილი კანის ცხიმის რაოდენობა არ იზრდება და უკვე რამოდენიმე კვირაში წვერის სიჯანსაღისთვის და კანის ჯანმრთელად შენარჩუნებისთვის კანის ცხიმი აღარ კმარა. ამ დროს ჩნდება იმ პრობლემების უმეტესობა რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე.

წვერის ზეთი ითავსებს კანის ცხიმის ფუნქციას

სწორედ წვერის ზეთი არის ის უმთავრესი საშუალება რომელიც გამოიყენება კანის ცხიმის ჩასანაცვლებლად. სხვადასხვა დამატებით ეფექტთან ერთად წვერის ზეთი ითვისებს კანის ცხიმის ფუნქციებს და გვეხმარება როგორც კანის ჯანსაღად შენარჩუნებაში, დარბილებასა და ვიტამინებით მომარაგებაში ასევე რა თქმა უნდა უზრუნველყოფს თვითონ წვერის დარბილებას, ხარისხის შენარჩუნებას, ესთეტიურობას და სხვა ფაქტორებს, რომლებზეც უფრო ვრცლად ვისაუბრებ.

რა არის წვერის ზეთი?

Azbane წვერის ზეთითვითონ წვერის ზეთი არის სხვადასხვა ნატურალური მცენარეული ზეთების ნარევი. აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ წვერის მოვლის საშუალებების შემადგენლობაზე. სწორედ ნატურალური ინგრედიენტებით გამოირჩევა სახის კანის და წვერის მოვლის საშუალებები თუნდაც თავის კანის მოვლის საშუალებებისგან. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ თავის კანისგან განსხვავებით სახის კანი გაცილებით ნაზი და მგრძნობიარეა თავის კანი კი უფრო სქელი.

თავის კანი გამოიმუშავებს გაცილებით მეტი რაოდენობით ცხიმებს, არის გაცილებით სქელი და მისი მოვლის საშუალებებიც კონცენტრირებულია კანის უფრო ღრმა წმენდაზე რაც სახის კანისთვის არასასურველი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს. წვერის დაზიანება გაცილებით მარტივია ვიდრე თმის დაზიანება და რაც ყველაზე მთავარია წვერი ახლოსაა პირთან, ამიტომ რეკომენდირებულია სწორედ ნატურალური საშუალებებით წვერის მოვლა, რათა ავიცილოთ ქიმიური ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრა.

წვერის ზეთის შემადგენელი საბაზისო ზეთები

რაც შეეხება წვერის ზეთის შემადგენლობას, იგი ხშირ შემთხვევაში შეიცავს რამოდენიმე მცენარეულ ზეთს, რომელთაგანაც ერთი ან მეტი არის საბაზისო ზეთები დანარჩენი კი ეთერზეთები, რომლებიც სამკურნალო თვისებებთან ერთად სხვადასხვა სურნელს მატებს წვერის ზეთს.
არსებობს სხვადასხვა სახის საბაზისო ზეთი, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილია:

  • არგანის ზეთი
  • ჟოჟობას ზეთი ( რეალურად გამოითქმის როგორც „ჰოჰობა“)
  • ნუშის ზეთი
  • აბუსალათინის ზეთი
  • ყურძნის წიპწის ზეთი
  • ფრაქციონირებული ქოქოსის ზეთი
  • ზეითუნის ზეთი და სხვა ზეთები

წვერის ზეთის საბაზისო ზეთები - Beard.ge

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მრავალი სახის ზეთის და მათი ასევე არაერთი სამკურნალო თვისების მიუხედავად, კანის ცხიმთან შემადგენლობით და თვისებებით ყველაზე ახლოსაა ჰოჰობას ზეთი და ხშირად სწორედ მას ასახელებენ წვერის ზეთის ისევე როგორც ზოგიერთი სხვა კოსმეტიკური საშუალების ნომერ პირველ ინგრედიენტად.

ეს პროდუქტები თავიანთი მაღალი კოსმეტიკური ღირებულებიდან და თვისებებიდან გამომდინარე წვერის ზეთის გარდა ასევე გვხვდება მრავალ სხვა კოსმეტიკურ პროდუქტში, მითუმეტეს თუ ეს საშუალებები ნატურალურ ინგრედიენტებზეა დამზადებული. მოცემული ზეთები ხშირად შეგხვდებათ ნატურალურ შამპუნებში, საპნებში, ლოსიონებში და სხვა პროდუქტებში. ნატურალური პროდუქტი გამოირჩევა შედარებით მაღალი ფასითაც, მაგრამ სინთეთიკურ ნივთიერებებთან შედარებით არ ახასიათებთ უკუეფექტები, დადებითი თვისებებით კი ხშირ შემთხვევაში უპირატესობასაც ინარჩუნებენ.

წვერის ზეთში გამოყენებული პოპულარული ეთერზეთები

წვერის მოვლის საშუალებებში და პირველ რიგში წვერის ზეთში საბაზისო ზეთებთან ერთად გამოიყენება ეთერზეთები. ეთერზეთებიდან პოპულარულია:

  • ლავანდას ეთერზეთი
  • ჩაის ხის ეთერზეთი
  • კედარის ეთერზეთი
  • სხვადასხვა ციტრუსის ეთერზეთები
  • პაჩულის ეთერზეთი
  • ბერგამოტის ეთერზეთი
  • როზმარინის და სხვა ეთერზეთები

ეთერზეთები სამკურნალო თვისებებთან ერთად გამოირჩევიან სასიამოვნო სურნელითაც. წვერის ზეთის შემადგენლობაში გვხვდება როგორც ერთი ასევე რამოდენიმე სხვადასხვა ეთერზეთის ნარევი.
ეთერზეთები წვერის ზეთისთვის - Beard.ge

როგორ შევარჩიოთ წვერის ზეთი?

როგორც წესი ზეთი რომელიც სხვადასხვა ეთერზეთის ნარევს შეიცავს რითიც განსაკუთრებულ სურნელს იძენს, შედარებით ძვირიც ღირს ხოლმე. ხშირად კი უბრალოდ ერთი ეთერზეთის სურნელსაც ჯერდებიან ან ზოგჯერ ეთერზეთს საერთოდ არ ურევენ რის მიუხედავადაც წვერის ზეთი მთავარ სამკურნალო თვისებებს არ კარგავს, ამიტომ თუ კი სურნელოვანი წვერის ზეთი არ გიზიდავთ თავისუფლად შეგიძლიათ შეიძინოთ უსუნო ზეთები. ამის მიუხედავად არ უნდა გამოგვრჩეს სხვადასხვა ეთერზეთის განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები. მაგალითად ჩაის ხის და სანდალოზის ხის ეთერზეთებს გააჩნიათ ანტისეპტიკური თვისებები. ასევე ეთერზეთები გვეხმარება კანის გასუფთავებაში და აკნესგან თავის არიდებაში.

ხშირად ეთერზეთების შემცველ პროდუქტებს თავს არიდებენ მათი მძაფრი სუნიდან გამომდინარე. რეალურად სურნელი მალევე სუსტდება და სასიამოვნო მსუბუქ არომატად იქცევა ან ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ ქრება.

ზოგიერთი წვერის ზეთის შემადგენლობას თუ გადავხედავთ შევამჩნევთ სხვადასხვა უცნობ ინგრედიენტს და ნაცნობ მცენარეულ ზეთებს საერთოდ ვერ აღმოვაჩენთ. მაგალითად საბაზისო ინგრედიენტად დასახელებული იქნება „Simmondsia chinensis” ეს რეალურად ჰოჰობას ლათინური დასახელებაა და ხშირად მარკეტინგული თვალსაზრისით გამოიყენება სხვადასხვა კომპანიების მიერ.

წვერის ზეთი ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარული გახდა და დიდი კომპანიებით დაწყებული საოჯახო ბიზნესით დამთავრებული მრავალი ბრენდი აწარმოებს ერთმანეთზე არანაკლებ ხარისხიან პროდუქციას. სწორედ პროდუქციის სიმრავლე უშლის მომხმარებელს ხელს გადაწყვეტილების მიღებაში. ბევრმა არ იცის თუ რომელი ბრენდის პროდუქცია შეიძინოს და საერთოდ რომელი პროდუქტია მისთვის უკეთესი.
წვერის ზეთები - Beard.ge

პირველ რიგში უკეთ გასარკვევად კარგი იქნება თუ გადავხედავთ ზეთის შემადგენლობას სანამ მას შევიძენთ. ხარისხიან წვერის ზეთს შეფუთვაზე უნდა ეწეროს ის მცენარეული ზეთები, რომლებსაც იგი შეიცავს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად საუკეთესო ვარიანტად მაინც ზეთის თქვენს წვერზე მოსინჯვა რჩება რადგან რეალურად ზეთის თვისებების საკუთარ თავზე გამოცდის უკეთესი ხერხი არ არსებობს. ჩვენ წვერზე მოსინჯვის შემდეგ გავიგებთ რომელი ზეთი უკეთ არბილებს წვერს, რომელს აქვს უკეთესი სურნელი და ასე შემდეგ. ონლაინ მაღაზიებში მსგავსი რამ შეუძლებელია რაც საკმაოდ დიდი მინუსია. აუცილებელია პროდუქტის გამოწერა და გარკვეული პერიოდი ლოდინი იმისთვის, რომ საბოლოოდ შევაფასოთ რამდენად მუშაობს იგი ჩვენს წვერზე.

წვერის ზრდის რა პერიოდიდან არის რეკომენდირებული წვერის ზეთის გამოყენება?

წვერის ზეთის გამოყენება წვერის გაზრდიდან ორ კვირაშია უკვე რეკომენდირებული, რადგან სწორედ ამ პერიოდში ნელ-ნელა იჩენს თავს სხვადასხვა პრობლემები როგორებიცაა:

  • კანის გამოშრობა
  • კანის გაღიზიანება
  • ქავილი
  • ქერტლი
  • წვერის ღერების გაყოფა და სხვა მრავალი

როგორ გამოვიყენოთ წვერის ზეთი?

წვერის ზეთის გამოყენება - Beard.geარ არსებობს წვერის ზეთის გამოყენების რაიმე კონკრეტული წესი, არსებობს სხვადასხვა მეთოდი და მოსაზრება, მაგრამ მე გაგაცნობთ წვერის ზეთის გამოყენების სტანდარტს რის მიხედვითაც თქვენ თვითონვე შეძლებთ გარკვევას თუ რა არის თქვენთვის უკეთესი.

წვერის ზეთი არის ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი იმის მიუხედავად, რომ ზოგი მას დღეში ორჯერ და მეტ ჯერაც იყენებს. საკმარისია დილით სახის დაბანის შემდეგ რამოდენიმე წვეთი ზეთის გადანაწილება წვერზე და კანზე, ზეთის რაოდენობა განსხვავდება წვერის სიგრძიდან გამომდინარე. დიდ წვერს ბუნებრივია მეტი ზეთი დასჭირდება, მაგრამ რეალურად ეს რაოდენობა მერყეობს 2-12 წვეთამდე სადაც 2 წვეთი იმათ დასჭირდებათ ვინც რამოდენიმე კვირაა იზრდის წვერს 12 წვეთი კი ვინც რამოდენიმე წელია იზრდის წვერს ყველანაირი შესწორების და შემოკლების გარეშე.

წვეროსნების უმეტესობისთვის კი 3-5 წვეთია საკმარისი. ზეთის წასმა დილით დაბანის შემდეგ გამშრალ ან ოდნავ სველ წვერზე ხდება. თუ რომელ ვარიანტს ამოირჩევთ, პირადად თქვენი გადასაწყვეტია. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ წვერის ზეთს მთელი დღის განმავლობაში ვიტოვებთ სახეზე თუნდაც თმის ზეთისგან განსხვავებით რომელსაც ხშირად ნახევარ საათში ჩამოიბანენ ხოლმე. კანი და წვერი მთლიანად იწოვს ზეთს და არ რჩება არანაირი ცხიმიანობის შეგრძნება რისი შიშითაც ხშირად ბევრი უარს ამბობს წვერის ზეთზე.

წვერის ზეთის გადანაწილება ხდება შემდეგნაირად: ხელის გულზე ან თითებზე აწვეთებთ რამოდენიმე წვეთ ზეთს და კარგად ანაწილებთ ისე, რომ შემდეგ ხელით შეიზილოთ ზეთი წვერებში. ამ დროს მნიშვნელოვანია ზეთი თითებზეც გქონდეთ გადანაწილებული და არა მარტო ხელის გულზე, რადგან თითებით კანზეც გადაანაწილოთ ზეთი.

კანზე ზეთის მოხვედრა კი უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი ფაქტორია. იმის შემდეგ რაც ზეთს კარგად შეიზილავთ კანში და წვერებში, შეგიძლიათ წვერი დაივარცხნოთ სპეციალური წვერის სავარცხლით ან წვერის ჯაგრისით რაც წვერის ფორმის მიცემასთან ერთად ზეთის თანაბრად გადანაწილებას უწყობს ხელს. თუკი წვერს თმის ფენით იმშრალებთ ან ისწორებთ, შეგიძლიათ ზეთი როგორც ფენის გამოყენებამდე ასევე გამშრალების და გასწორების შემდეგ მოიხმაროთ. თუკი ფენის გამოყენებამდე სარგებლობთ ზეთით, გირჩევთ ფენით გამშრალების შემდეგაც მოიხმაროთ 1-2 წვეთი წვერის ზეთი, მაგრამ ესეც ინდივიდუალური ფაქტორიდან გამომდინარე განსხვავდება. პირადად მე პირველი ვარიანტისთვისაც მიმიმართავს და მეორესთვისაც.

წვერის ზეთის ჩანაცვლება ან სხვა წვერის მოვლის საშუალებებთან ერთად გამოყენება

ასევე ბევრი კითხულობს იმის შესახებ შეიძლება თუ არა წვერის ზეთის სხვა პროდუქტით ჩანაცვლება ან სხვა პროდუქტთან ერთად გამოყენება.

წვერის ზეთის გამოყენება შეიძლება წვერის მოვლის ყველა სხვა საშაულებასთან ერთად იქნება ეს წვერის შამპუნი, წვერის საპონი, ცვილი, ბალზამი თუ სხვა რაიმე. რაც შეეხება ჩანაცვლებას, წვერის ზეთის ჩანაცვლება შეიძლება წვერის ბალზამით, მაგრამ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ბალზამმა ისევე როგორც ზეთმა, ჩააღწიოს კანამდე რაც ჩემი აზრით ბალზამის შემთხვევაში შედარებით ძნელია, ამიტომ მე რეკომენდაციას ვუწევ ბალზამის და ცვილზე დაფუძნებული სხვა პროდუქტების ზეთთან ერთად გამოყენებას. საერთოდ კი სხვა საშუალებების გამოყენების მიუხედავად ზეთის გამოყენებას აუცილებლობად მივიჩნევ.

წვერის მოვლის საშუალებების გამოყენების თანმიმდევრობა - Beard.ge

ზოგი წვერის ზეთის მაგივრად უბრალოდ ზეითუნის ზეთს ხმარობს და ბევრი ფიქრობს კიდევაც, რომ ზეითუნის ზეთი წვერის ზეთებზე უკეთესია. პირადად ჩემი დაკვირვებით და გამოცდილი წვეროსნების რეკომენდაციით ზეითუნის ზეთის, მითუმეტეს მხოლოდ ზეითუნის გამოყენება არ არის სასურველი რიგი მიზეზების გამო. კანი ზეითუნის ზეთს ვერ შეიწოვს წესივრად და წვერი მთელი დღის განმავლობაში ცხიმიანი რჩება რაც ძალიან დიდ უარყოფით თვისებას წარმოადგენს. ასევე ვერ ვიღებთ სასურველ დარბილებას და სამკურნალო თვისებებითაც ჩამოუვარდება სტანდარტულ წვერის ზეთებს. არასასიამოვნო სუნზე უკვე ზედმეტია საუბარი. ასევე მარტო აბუსალათინის ზეთის გამოყენებაც არ მიმაჩნია მიზანშეწონილად.

ბევრს აინტერესებს წვერის ზეთის სხვა საშუალებებთან კომბინაციაში გამოყენების შესახებ. რამდენჯერ უნდა გამოვიყენოთ წვერის ზეთი თუკი სხვა პროდუქტსაც ვხმარობთ და ასე შემდეგ.

მსგავსი კითხვებიდან პირველ რიგში წვერის ზეთის ბალზამთან ან ცვილთან ერთად გამოყენების შესახებ აინტერესებთ ხოლმე, მაგრამ თავიდანვე ავღნიშნავ, რომ ყველა ვარიანტში ზეთი ყოველდღიურად უნდა გამოვიყენოთ. ცვილი ან ბალზამი კი ზეთის წასმის შემდეგ ასევე ყოველდღიურად გამოიყენება. საერთოდ ცვილიც და ბალზამიც პირველ რიგში ფორმის მიცემის და ფიქსაციის მიზნით მოიხმარება და მათ წვერზე სულ ბოლოს ისვავენ რის შემდეგაც დაფიქსირებულ წვერს ხელს აღარ ახლებენ ხოლმე.

წვერის ზეთი ამოიყვანს წვერს ან დააჩქარებს წვერის ზრდას?

ასევე ხშირად აინტერესებთ, თუ რამდენად ეხმარება წვერის ზეთი წვერის ამოსვლას ან გაზრდას.

ამ შემთხვევაში გვხვდება ორი კითხვა: ამოიყვანს თუ არა წვერის ზეთი წვერს სახის იმ ადგილებში სადაც წვერი არ ამოდის და დააჩქარებს თუ არა ამოსული წვერის გაზრდას ?

პირველ რიგში წვერის ზეთი სამწუხაროდ წვერს ვერ ამოიყვანს სახის იმ ნაწილში სადაც წვერი არ ამოდის. ეს ეხება იმათაც ვისაც წვერი ალაგ-ალაგ ამოსდის. წვერის ამოსვლას პირველ რიგში გენეტიკა განაპირობებს და ასევეა წვერის გაზრდაც სადაც უკვე მეორე კითხვაზე გამოგვდის პასუხის გაცემა. წვერის ზეთი რაღაც დონეზე ასწრაფებს წვერის ამოსვლას, მაგრამ მთავარ როლს აქაც გენეტიკა თამაშობს. წვერი თვეში დაახლოებით 1.25 სანტიმეტრით იზრდება და ზეთი დაგეხმარებათ, რომ წვერის ღერები იყოს უფრო სქელი და ჯანსაღი რაც თავისთავად მნიშვნელოვან სხვაობას გვაძლევს. წვერის ზრდასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ აქ.

ახასიათებს წვერის ზეთს გვერდითი მოვლენები?

წვერის ზეთს მისი ნატურალური შემადგენლობიდან გამომდინარე არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. წვერის ზეთის გამოყენებისას ინგრედიენტების ნახვა აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე მათგანზე ალერგიულები ვართ. იმის მიუხედავად, რომ მსგავსი შემთხვევები მინიმალურად გვხვდება, ზოგიერთ მომხმარებელს მაინც უწევს სხვადასხვა პროდუქტზე უარის თქმა მათზე ალერგიულობის გამო.

რამდენი ხანი მეყოფა წვერის ზეთი?

ხშირად კითხულობენ თუ რამდენი ხანი ეყოფათ წვერის ზეთი და პასუხის მოსმენის შემდეგ გაკვირვებულები რჩებიან. იმის მიუხედავად, რომ ბევრის აზრით წვერის ზეთი საკმაოდ ძვირი „სიამოვნებაა“ რაც ნაწილობრივ ჭეშმარიტებას წარმოადგენს, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც რომ ყველაზე პატარა, სტანდარტული 30 მილილიტრიანი შეფუთვა რომელიც საქართველოში 25-30 ლარამდე ჯდება საშუალოდ სამი თვის სამყოფია რაც საკმაოდ იაფი გამოდის მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია ნატურალურ პროდუქტზე. უფრო დიდი 50-60 მილილიტრიანი შეფუთვები ხუთი თვის და მეტი ხნის განმავლობაშიც შეიძლება გვეყოს.

შეიძლება წვერის ზეთი გაფუჭდეს?

წვერის ზეთის ვარგისიანობა ძირითადად დამოკიდებულია მის მწარმოებელზე, შემცველი ზეთების ხარისხზე და თვითონ ზეთების ნაირსახეობებზე. მაგალითად ჩვენი პრემიუმ ხაზის Azbane-ის წარმოებული წვერის ზეთები ძლებს გახსნიდან 18 თვეს, თუ რა თქმა უნდა სწორედ მოხდება ზეთის შენახვა. 18 თვე ითვლება წვერის ზეთის მაქსიმალურ შენახვის ვადად და ეს დრო მიღწევადია მხოლოდ სპეციალური დამცავი მინარევებით. ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილი სხვა ზეთების სიცოცხლის უნარიანობა შეადგენს 6 თვეს.

არ შეიძლება წვერის ზეთის მზეზე დადება და ასევე გახსნილი დატოვება. არაა რეკომენდირებული ბოთლის წაქცეული დატოვება. უკეთესი იქნება თუკი ზეთს მშრალ გრილ ადგილზე შევინახავთ. ზაფხულის ცხელ დღეებში გირჩევთ შეინახოთ წვერის ზეთი მაცივარში 5-7 გრადუსის ტემპერატურაზე.
როგორ მოვუარო წვერის ზეთს - Beard.ge

წვერის ზეთის შემადგენელ ყოველივე ინგრედიენტს გააჩნია თავისი ინდივიდუალური ვარგისიანობის ვადა, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე შემადგენელი ზეთი ამძაღდება მთლიანად ზეთი გახდება უვარგისი. გაფუჭებული წვერის ზეთის ამოცნობა არ არის რთული საქმე, სურნელის რადიკალური ცვლილება კარგიდან ცუდისკენ ნიშნავს რომ წვერის ზეთი გაფუჭდა, ასევე წვერის დარბილების ნაცვლად თუ გაგიჩნდათ შეგრძნება, რომ წვერი დაბინძურდა ესეც გაფუჭების მანიშნებელია.

წვერის ზეთი დაგეხმარებათ გამორჩეული წვერის გაზრდაში

წვერის ზეთი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია წვერის მოვლის საშუალებებს შორის და მისი გამოყენება აუცილებელია თუ კი ჯანსაღი,ხარისხიანი და გამორჩეული წვერის გაზრდას აპირებთ. მოვლილი წვერის შემჩნევა და გამორჩევა კი მართლაც ერთი შეხედვით შეიძლება იმდენად დიდად განსხვავდება ის მოუვლელი წვერისგან. წვერს ეძლევა სასიამოვნო სურნელი და ჯანმრთელი შეხედულება როდესაც მოუვლელი წვერის შემთხვევაში საპირისპირო შედეგს ვიღებთ.

წვერის მოვლა განაპირობებს მოხეტიალე კაცს უფრო დაგამსგავსებენ თუ ჯენტლმენს. მოვლილი წვერი იმოქმედებს თქვენს სტატუსზე და გავლენას მოახდენს სოციუმში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაზე, ბუნებრივია ბევრი ამ უკანასკნელს არ დაეთანხმება, მაგრამ ფაქტია, რომ მოვლილი წვერი ელემენტარული კომფორტის შექმნაზე მეტს ნიშნავს იმის მიუხედავად, რომ უბრალოდ მოვლილი სახის სასიამოვნო შეგრძნების მისაღებადაც კი ღირს წვერის მოვლის საშუალებების გამოყენება.

სტატიის გამოყენების პირობები

ჩვენს ბლოგზე გამოქვეყნებული ნებისმიერი სტატია შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს ბლოგზე ან ვებგვერზე, შემდეგი პირობების დაცვით: მიუთითეთ წყარო და დალინკეთ შესაბამის სტატიაზე. დიდი მადლობა წინასწარ!

სტატიის ავტორი:

თორნიკე არის Beard.ge -ს გუნდში ყველაზე გრძელი და ლამაზი წვერის პატრონი, მრავალი წელია ატარებს და უვლის წვერს. კარგად ერკვევა არსებულ წვერის მოვლის საშუალებებში და მეთოდებში.

კომენტარის დატოვება