წვერის ზრდასთან დაკავშირებული 7 ფაქტორი

წვერის ზრდა და გახშირება

რატომ არ იზრდება წვერი და როგორ დავაჩქაროთ მისი ზრდა?

სტატიაში განხილული იქნება წვერის ზრდასთან/გახშირებასთან კავშირში მყოფი ყველა ფაქტორი, ასევე საუბარი იქნება რჩევებზე თუ როგორ შევქმნათ იდეალური გარემო ჯანსაღი წვერის ზრდისთვის

უძველესი დროიდან წვერი ითვლებოდა მამაკაცური სიძლიერისა და ძალაუფლების სიმბოლოდ. სპორტსა და კინოში მრავლადაა წარმოდგენილი სხვადასხვა ფორმისა და ზომის წვერის მქონე ცნობილი პიროვნებები. ყოველთვის იყვნენ წვერის ტარების მსურველი მამაკაცები, თუმცა დღეისათვის მთელს მსოფლიოში აღინიშნება „წვერის ბუმი“.

ეს არის ერთგვარი მოდა და დღევანდელი შეხედულებით წვერიანი მამაკაცი ქალთა გულების დამპყრობლადაა წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, გასაგებია მამაკაცების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წუხილი, ვისაც არ ამოსდით წვერი ან ვისაც წვერი ნელა ეზრდებათ ან ძალიან მეჩხერი აქვთ. ჩვენ შევეცდებით განვიხილოთ ამ ”პრობლემის” მიზეზები და კონკრეტული რჩევებით დაგეხმაროთ მათ მოგვარებაში. 

შექმენით წვერის ზრდისთვის იდეალური გარემო

1. გენეტიკა პირდაპირ კავშირშია წვერის სიხშირესა და წვერის ზრდასთან

მრავალი გარეგნული თვისება, ისეთი როგორიცაა კანის, თვალისა და თმის ფერი, სიმაღლე, სიმსუქნისადმი მიდრეკილება და ა.შ. ადამიანს გადაეცემა მემკვიდრეობით. გენეტიკა განაპირობებს ზოგიერთი დაავადების არსებობას ან მიდრეკილებას. არც თმიანობა წარმოადგენს გამონაკლისს. ალბათ ყველას შეუნიშნავს, რომ ზოგი გვარის წარმომადგენლები გამოირჩევიან ნაადრევი და უხვი თმიანობით, ხოლო სხვები დიდხანს ინარჩუნებენ თინეიჯერულ შეხედულებას და ვერავინ ხვდება მათ ნამდვილ ასაკს.

სწორედ ასეთი გენეტიკის მფლობელები წვალობენ, როდესაც უჩნდებათ წვერის ტარების სურვილი. თუ არ ამოგდით წვერი ან თქვენი სახის თმიანობა მეჩხერია, პირველ რიგში დააკვირდით მამა-პაპას და დაადგინეთ ხომ არ არის თქვენი „წუხილი“ განპირობებული გენეტიკით. გული არ გაიტეხოთ. ეს პრობლემა ნამდვილად მოგვარებადია, თუმცა მოითხოვს მოთმინებას.

კარგი ის არის, რომ თქვენი მწირი თმიანობა არ უკავშირდება ორგანიზმში რაიმე დარღვევას და დროთა განმავლობაში თავისით მოგვარდება. თქვენ მხოლოთ შეგიძლიათ ხელის შეწყობა იმ რჩევების გათვალისწინებით, რომლებზეც შემდგომ ვისაუბრებთ.

2. წვერის ზრდა კავშირშია ეროვნულ, ეთნიკურ წარმომავლობასთან

მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები გამოირჩევიან განსხვავებული გარეგნობით და ეს სახის თმიანობასაც ეხება. ჩინელ მამაკაცებს 30 წლისათვისაც შესაძლოა ჯერ კიდევ არ ჰქონდეთ გამოხატული სახისა და სხეულის თმიანობა.

ჩრდილოეთის წარმომადგენლები, ვიკინგების წვერიან გარეგნობაზე წარმოდგენის მიუხედავად, გამოირჩევიან სახის მეჩხერი თმიანობით და ასაკთან შეფარდებით, წვერის ამოსვლის დაწყების გვიანი ვადებით. ამ მხრივ გაუმართლათ კავკასიელებს, რომლებიც უკვე 19-20 წლის ასაკში (შესაძლოა უფრო ადრეც) ამაყობენ წვერ-ულვაშით.

ეროვნული ეთნიკური წარმომავლობა კავშირშია წვერის ზრდასთან

3. წვერის მოვლა და ჰიგიენა ჯანსაღი წვერისთვის

ცხადია, რომ წვერს ესაჭიროება სერიოზული მოვლა, რაც მდგომარეობს მის მუდმივ გასუფთავებაში და დატენიანებაში. იმ შემთხვევაში, თუ წვერის ქვეშ გამომშრალი კანი იქერცლება ან პირიქით, კანზე გროვდება ცხიმი, წვერის ზრდა ფერხდება. თუ გადაწყვეტილი გაქვთ წვერის ტარება, თავიდანვე უნდა ისწავლოთ მისი მოვლა:

  • წვერი დღეში ორჯერ: დილა-საღამოს დაიბანეთ თბილი წყლით ან წვერის მოვლის ისეთი ბუნებრივი საშუალებებით, რომლებიც არ აღიზიანებენ კანს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა უკავშირდება ფიზიკურ დატვირთვას და შესაბამისად ოფლის გამოყოფას, ან ჭარბი ოფლიანობა სხვა მიზეზებითაა გამოწვეული, სახის დაბანვა მოგიწევთ მეტჯერ. სასურველია გამოიყენოთ სპეციალური წვერის საპონი ან შამპუნი, რადგან წვერის თმა შედარებით უხეშია და მის დასაბანად არ გამოდგება თავის თმისთვის განკუთვნილი შამპუნი. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო კარგი ხარისხის იქნება წვერის მოვლის საშუალება, მით უფრო კარგ შედეგს მიიღებთ;

  • კანი ყოველთვის განიცდის განახლებას. ტანის დაბანვისას, ძველი კანი ღრუბლით გახეხვისას გვცილდება. სახის გაპარსვისას საპარსის მეშვეობით ხდება მისი ჩამოცილება. გასაგებია, რომ წვერის ქვეშ კანს აუცილებლად სჭირდება დახმარება, რათა არ დაიფაროს დაძველებული კანის ნარჩენებით, რაც გამოიწვევს დისკომფორტს, ქავილს და შეაფერხებს წვერის ზრდას. ამ მიზნით სასარგებლოა კანისთვის განკუთვნილი სკრაბის გამოყენება. წვერის ქვეშ კანი უნდა დაიფაროს სკრაბით და შემდეგ თითებით, შეზელვის მსგავსი მოძრაობებით გასუფთავდეს ძველი ნარჩენებისგან და განახლდეს. ასეთი პროცედურით არა მხოლოს სუფთავდება კანი, არამედ ღიზიანდება წვერის თმის ბოლქვები და წვერი უკეთ ამოსვლას იწყებს. წვერის ქვეშ კანის სკრაბით დამუშავება არ არის სასურველი მოხდეს ძალიან ხშირად; საკმარისია ამის გაკეთება კვირაში ერთხელ.

4. სწორი კვება დაგეხმარებათ ჯანმრთელი წვერის ზრდაში

თმის ფოლიკულების ფორმირებისათვის აუცილებელია სათანადო საკვები ნივთიერებების არსებობა, განსაკუთრებით ეს ეხება ვიტამინებს, რომელთა ნაკლებობა მკვეთრად აფერხებს წვერის ზრდას
  • ვიტამინი A       (რეტინოლი) – ხელს უწყობს კანისა და თმის ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებას. მისი უკმარისობა იწვევს კანის სიმშრალეს, ქერტლს, თმის გამოფიტვას და სისუსტეს. თმა კარგავს ბზინვარებას, ჯანსაღ ელფერს და კარგად ვერ იზრდება. ვიტამინი A-ს ნაკლებობას არ განიცდის ორგანიზმი, თუ საკმარისი რაოდენობით ღებულობს მწვანე, ყვითელ და ნარინჯისფერ ბოსტნეულს და ხილს: სტაფილო, ბროკოლი, მწვანილი და მწვანე სალათები, ბულგარული წიწაკა, გოგრა, გარგარი, ავოკადო და ა.შ. აგრეთვე A – ვიტამინი უხვადაა კვერცხში, თევზში და ღვიძლში
  • ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) – აძლიერებს იმუნურ სისტემას და იცავს ორგანიზმს დაავადებებისაგან, ხოლო ჯანმრთელ ორგანიზმში ყველა ორგანო ფუნქციონირებს ფიზიოლოგიურ ფარგლებში, არც კანი და არც თმაა გამონაკლისი. ასკორბინის მჟავა აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, რის გამოც უმჯობესდება თმის ბოლქვების საკვები ნივთიერებებით მომარაგება და თმა უკეთ იზრდება. C – ვიტამინს შეიცავს: კარტოფილი, კომბოსტო, პომიდორი, ასკილი, ლიმონი, ფორთოხალი, ქაცვი და სხვ.
  • ვიტამინი E (ტოკოფეროლი) – აუმჯობესებს სისხლის ცირკულირებას, უზრუნველყოფს ორგანიზმში ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებას. E-ვიტამინს გააჩნია სასარგებლო ანტიოქსიდანტური მოქმეება, იცავს კანს ეკოლოგიურად გაბინძურებული გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან, აჩქარებს დაზიანებული კანისა და თმის რეგენერაციულ პროცესს, იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისაგან და ამ ყველაფრის გამო ანელებს კანის დაბერებას და აჩქარებს დაზიანებული სტრუქტურის აღდგენას. E-ვიტამინი, აგრეთვე ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ A-ვიტამინის ათვისებას. E-ვიტამინის ორგანიზმში უკმარისობისას თმა კარგავს ბზინვარებას, ხდება მტვრევადი, ეყოფა ბოლოები. E-ვიტამინს შეიცავს: ნიგოზი, ნუში, მზესუმზირა, ქაცვი, ასკილი, მცენარეული ზეთები, კერძოდ ზეითუნისა და განსაკუთრებით არგანის ზეთები.

  • B-ჯგუფის ვიტამინები – თმის ზრდის აქტიური ხელშემწყობი ნივთიერებებია:
  • ვიტამინი B1 (თიამინი) – მონაწილეობს კანისა და თმისათვის აუცილებელი ცილებისა და ცხიმების ცვლაში, რითიც ეხმარება თმის ამოსვლას და ზრდას. თიამინით მდიდარია ბურღულეული (განსაკუთრებიათ წიწიბურა), მწვანე ბოსტნეული და მწვანილი, ლუდის საფუარი, ხორცი, კვერცხი, ხაჭო.
  • ვიტამინები B3 და B5 აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და სისხლის მიწოდებას თმის ბოლქვებამდე. ამ ვიტამინების შემცველობით გამოირჩევა ფრინველისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხის გული, ავოკადო, რძე და ბურღულეული.
  • ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – მონაწილეობს   ნივთიერებათა ცვლაში, მათ შორის ჰორმონების, ცილისა და ცხიმების. ამ ვიტამინის ნაკლებობა იწვევს კანის გამოშრობას, ქერტლს და თმის ცვენას. პირიდოქსინით მდიდარია ხორბლის ღივები, ნიგოზი, თხილი, ისპანახი, კარტოფილი, სტაფილო, პომიდორი და ავოკადო.
  • ვიტამინი B7, იგივე ბიოტინი ან H-ვიტამინი – ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია თმის ზრდის საქმეში. იგი აჩერებს თმის ცვენას, ხელს უწყობს თმის ამოსვლასა და ზრდის დაჩქარებას, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, ამაგრებს და ასქელებს თმას. აღსანიშნავია, რომ ბიოტინის შემცველი ხელოვნური ვიტამინების კომპლექსები ვერ ახდენენ ისეთ ეფექტს, როგორც ბიოტინით მდიდარი, ნატურალური საკვები პროდუქტები. ბიოტინი უხვადაა საფუარში, პომიდორში, ყვავილოვან კომბოსტოში, ისპანახში, სოიოში, კვერცხის გულში, სოკოში და ღვიძლში. ჩამოთვლილი პროდუქტების ხშირი მიღება უზრუნველყოფს თმის ბუნებრივ და ჯანსაღ ზრდას.
  • ვიტამინი B9, ანუ ფოლიუმის მჟავა მოქმედებს თმის ძალაზე და სისქეზე. ამ ვიტამინით მდიდარია ბურღულეული, ნიგოზი, პარკოსნები, საფუარი, მწვანე ბოსტნეული და მწვანილი.
  • ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) – ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, რომელიც ახდენს თმის უზრუნველყოფას ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით. B12 წყაროს წარმოადგენენ საქონლის ღვიძლი, საფუარი, რძის ნაწარმი, სოიო, კვერცხი, მწვანე ბოსტნეული და მწვანილი.

B – ჯგუფის ვიტამინებით ორგანიზმის უზრუნველყოფა ძირითადად ხორციელდება საჭმლის მონელების სისტემიდან და სისხლიდან. კოსმეტიკური საშუალებები: გელები, შამპუნები, ნიღბები, რომელთა შემადგენლობაშია B – ჯგუფის ვიტამინები, წარმოადგენენ მცირე დამხმარე საშულებებს, რადგან კანიდან მხოლოდ უმნიშვნელოდ ხდება აღნიშნული ვიტამინების ათვისება. ამიტომ ვისაც სურს ჰქონდეს ჯანსაღი, ძლიერი და ლამაზი წვერი, აუცილებელია დიდი ყურადღება მიაქციოს კვების რაციონს.

  • Zn – ცინკი მნიშვნელოვანია ორგანიზმში ბუნებრივი ტესტოსტერონის დონის შესანარჩუნებლად. ცინკი ხელს უწყობს ჯანსაღი სპერმის გამომუშავებას და სპერმატოზოიდების რაოდენობის მატებას. ორგანიზმში ცინკის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს ტესტოსტერონის დონის დაქვეითება, ხოლო როგორც ერთ-ერთი შედეგი: თმის ცვენა და თმიანობის შემცირება. ცინკის სადღეღამისო დოზა შეადგენს 50-100 მგ-ს. ცინკის შემცველობით გამოირჩევიან: ხამანწკები (ბუნებრივი აფროდიზიაკი), ღვიძლი, ზღვის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, ნიგოზი, მზესუმზირა. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში ექიმის მიერ ინიშნება ცინკის პრეპარატი, რომელიც იყიდება აფთიაქებში.
  • C-ვიტამინი ხელს უწყობს კორტიზოლის დონის დაქვეითებას და ტესტოსტერონის მატებას. ისევე, როგორც ცინკი, C-ვიტამინი ამცირებს ორგანიზმში ფერმენტ არომატაზას, რომელიც ტესტოსტერონს გარდაქმნის ესტროგენში. სასურველია უზრუნველყოფილი იქნეს ორგანიზმის მიერ C-ვიტამინის 1000-1500 მგ. ოდენობით ყოველდღიური მიღება.
  • მამაკაცებისთვის სასარგებლოა ჯვაროსანთა ოჯახის მცენარეების: უმი კომბოსტოს, ბროკოლის, ყვავილოვანი კომბოსტოს, ბოლოკის ხშირი მიღება, რადგან მათ შემადგენლობაში არის ნივთიერება – დიინდოლილმეტანი (DIM), რომელიც ორგანიზმს ეხმარება ზედმეტი ესტროგენის მოშორებაში და ტესტოსტერონის მატებაში.
  • ხელოვნურად შექმნილი ზრდის ჰორმონები, პესტიციდები, სტეროიდები შეიცავენ კსენოესტროგენს, რომელიც წარმოადგენს სინთეთიკურ ნივთიერებას და თავისი მოქმედებით ბუნებრივი ესტროგენის მსგავსია. ანუ კსენოესტროგენის ორგანიზმში მოხვედრა ცვლის ჰორმონალურ ბალანსს ესტროგენის მატებისა და ტესტოსტერონის შემცირებისკენ. ამიტომ, ტესტოსტერონის კარგ დონეზე შესანარჩუნებლად საჭიროა ეკოლოგიურად სუფთა ხილისა და ბოსტნეულის მიღება და თუ ამის საშუალება არ არის, საჭიროა კარგად გარეცხვა მაინც, რათა მინიმუმადე იქნეს დაყვანილი კსენოესტროგენის ორგანიზმში მოხვედრა; სასურელია ვიცოდეთ, რომ ხორცი, რომელსაც მოვიხმართ არ არის გაჯერებული ჰორმონებით, რადგან სწორედ ამ გზით მიიღწევა ფერმერების მიერ საქონლისა და ფრინველის დიდი წონა.

კსენოესტროგენების დაგროვება ხდება სხეულის ცხიმებში, ამიტომ მათგან საუკეთესო თავდაცვაა ზედმეტი წონის მოშორება.

5. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს წვერის ზრდას

წვერის ზრდას ხელს უწობს ვარჯიში - Beard.ge

საინტერესოა, რომ ფიზიკური დატვირთვა პირდაპირ კავშირშია წვერის ზრდასთან. საქმე იმაშია, რომ ფიზიკური დატვირთვისას ორგანიზმში იზრდება მამაკაცური ჰორმონის – ტესტოსტერონის გამომუშავება, რაც თავისთავად ხელს უწყობს წვერისა და ულვაშების ზრდას. ამასთანავე, ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და უზრუნველყოფს მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლის) ნორმალურ დონეს, რის შედეგადაც უმჯობესდება კანისა და თმის ბოლქვების საკვები ნივთიერებებით მომარაგება და ხდება მათი სტრუქტურის გაუმჯობესება და თმის ზრდის დაჩქარება. თუნდაც მსუბუქი დილის გამამხნევებელი ვარჯიში და 3-5 კმ-იანი გასეირნება დააჩქარებს თმისა და კერძოდ, წვერის ზრდის პროცესს.

6. რაც შეიძლება ნაკლები სტრესი

დაძაბული, თანამედროვე ცხოვრების პირობებში რთულია წინ აღუდგე სტრესს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ სტრესი მნიშვნელოვნად უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ხშირია სტრესის შემდგომი თმის ბუდობრივი ცვენა, ხოლო ნაკლებად თვალში საცემია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი თმის ზრდის შენელება.

ფსიქოლოგიური და ფიზიკური გადაძაბვის შედეგად ითრგუნება ადამიანის იმუნური სისტემა, რაც თავისთავად აუარესებს ფიზიოლოგიური სისტემების ფუნქციონირებას და კერძოდ, ანელებს თმისა და წვერის ზრდის პროცესს.

როგორც წესი, განვიცდით უკვე მომხდარ უსიამოვნო ფაქტს, თუმცა ვეღარაფერს ვცვლით, ან ვნერვიულობთ იმის თაობაზე, რომ რაიმე უსიამოვნო ფაქტი არ მოხდეს და ამ შემთხვევაშიც ვერაფერს ვცვლით. თუ კარგად გავიაზრებთ ამ მარტივ მოცემულობას, იქნებ დავფიქრდეთ რამდენად ღირს უაზრო ნერვიულობა და ამის შედეგად ჯანმრთელობის შენჯღრევა.

ცნობილია, რომ სტრესთან გამკლავებაში კარგი დამხმარეა მედიტაცია ან იოგაა. შესაძლოა ყველამ ინდივიდუალურად შეირჩიოს სტრესთან ბრძოლის რაიმე საშუალება, მაგრამ რომელიმეს არჩევა ნამდვილად აუცილებელია იმისთვის, რომ შეძლოთ ჯანმრთელობის შენარჩუნება.

სტრესი ხელს უშლის წვერის ზრდას

7. ჯანსაღი ძილი, ჯანსაღი წვერ-ულვაშისთვის

ჯანსაღი და სრულფასოვანი ძილი წარმოადგენს ორგანიზმის ყველა ფუნქციის უზრუნველყოფის საკვანძო მომენტს და არც წვერის ზრდაა ამ შემთხვევაში გამონაკლისი. ძილის დროს ინტენსიურად ხდება უჯრედების განახლება და შესაბამისად ინტენსიურად იზრდება თმაც. ექიმების რეკომენდაციით ადამიანს უნდა ეძინოს არა ნაკლებ 8 საათისა და თუ ეს ვერ ხერხდება, შესაბამისად ითრგუნება უჯრედების განახლების პროცესი და ფერხდება თმისა და წვერის ზრდა.

წვერის ზრდის და გახშირების ხელშემწყობი ხალხური რეცეპტები:

  • ევკალიპტის ზეთის ნიღაბი ხელს უწყობს წვერისა და ულვაშების ზრდას. ამისათვის საჭიროა წვერის ხშირი დატენიანება ევკალიპტის ზეთისა და წყლის ნაზავით პროპორციით 1/5, ანუ 1 წილი ევკალიპტის ზეთი და 5 წილი თბილი წყალი. ამ ხსნარში ასველებთ ბამბას და კარგად ატენიანებთ წვერს.
  • აბუსალათინის (კასტორის) ზეთის (Oleum Ricini) ნიღაბი აგრეთვე სასარგებლოა წვერის გასაჯანსაღებლად და ზრდის დასაჩქარებლად. ამისათვის აბუსალათინის ზეთი კარგად უნდა განაწილდეს მთლიან წვერზე და შეიზილოს წვერის ქვეშ კანზე. წასმა-შეზელვის შემდეგ სასურველია ცელოფნისა და ზემოდან პირსახოცის შემოხვევა და 15-20 წუთით დატოვება. ამ დროის გასვლის შემდეგ საჭიროა ზეთის ჩამობანვა სპეციალური წვერის შამპუნით. ასეთი პროცედურა ტარდება კვირაში ერთხელ და საგრძნობ შედეგს უნდა ველოდოთ 6-8 კვირის შემდეგ.
  • ამლას ზეთი და მდოგვი. ამლა (Embilica officinalis) წარმოადგენს მცირე ზომის ხეს, რომელიც გავრცელებულია ინდოეთში და რომლის ნაყოფიდანაც მზადდება ზეთი. ამლას ზეთი გაჯერებულია ვიტამინებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით, იგი პოპულარულია აღმოსავლეთში და ფართოდ გამოიყენება ჩინეთისა და მრავალი აზიური ქვეყნის მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში. წვერის ზრდის დასაჩქარებლად იყენებენ 60 მლ. ამლას ზეთისა და 3 სუფრის კოვზი მდოგვის ფხნილის ნარევს, რომელიც კარგად შეიზილება წვერზე და ნიღბის სახით ჩერდება დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანება თბილი წყლით. გამზადებული ნარევის გამოყენება შესაძლებელია 2-3 დღის განმავლობაში. ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ სასურველია რომელიმე წვერის ზეთის შეზელვა.
  • დარეჩინისა და ლაიმის წვენის ნიღაბი წვერის ზრდის სტიმულირების მიზნით გამოიყენება დღეში ორჯერ. ნაზავის მოსამზადებლად საჭიროა ერთმანეთს შევურიოთ 1 სუფრის კოვზი დაფქული დარეჩინი და 2 სუფრის კოვზი ლაიმის წვენი. საჭიროა ამ ნაზავის წვერზე კარგად წასმა და 25-30 წუთის განმავლობაში გაჩერება. იმ შემთხვევაში, თუ ნაზავის შეზელვა გამოიწვევს კანის გაღიზიანებას, მისი გამოყენება უნდა შეწყდეს.
  • ნიორი უძველესი და საკმაოდ ეფექტური საშუალებაა. მისი მოხმარებაც ადვილია და ხელმისაწვდომიცაა. ერთი პრობლემა სუნია. თუ ამას გადალახავთ, შესაძლოა შედეგით კმაყოფილი დარჩეთ. ნივრის კბილი უნა გადაჭრათ და გადაჭრილი, წვნიანი მხარე საგულდაგულოდ წაისვათ კანზე იქ, სადაც გინდათ, რომ ამოვიდეს თმა. საქმე იმაშია, რომ ნივრის წვენი აღიზიანებს თმის ბოლქვებს და თმა იწყებს ამოსვლას. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ შეძლებისდაგვარად დღეში 1-2ჯერ მინიმუმ 10 დღის მანძილზე. შემდეგ შეისვენოთ რამოდენიმე დღე და თუ საჭირო იქნება კვლავ განაახლოთ.
  • არსებობს კიდევ ერთი საშუალება. უწინ კაკლის ნაჭუჭს წვავდნენ და წვის შედეგად მიღებულ ნაცარს იყენებდნენ წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ. ეფექტის გასაძლიერებლად კაკლის ნაჭუჭის ნაცარს ურევდნენ ღვინოში და მცენარეულ ზეთში. მიღებული მასა ეხმარება იარების სწრაფ შეხორცებას. ასეთივე „მალამოთი“ სარგებლობდნენ სიმელოტესთან საბრძოლველად, რადგან იგი ხელს უწყობს თმის ამოსვლასა და ზრდის დაჩქარებას. შესაბამისი ეფექტი მიიღება წვერის შემთხვევაშიც.

ჯანმრთელი წვერის ზრდის მეთოდები

თმის და წვერის ზრდის მასტიმულირებელი სამედიცინო პრეპარატები.

არსებობს სპეციალური სამკურნალო საშუალებები, რომელებიც გამოიყენება თმის ცვენის შესაჩერებლად და თმის ამოსვლისა და ზრდის სტიმულირების მიზნით. მათ გამოიყენებენ იმ შემთხვევაშიც, თუ წვერი არათანაბრად იზრდება, მაგრამ დაუშვებელია მედიკამენტების მოხმარება ექიმის კონსულტაციის გარეშე.

თმის ცვენა ან ნელი ზრდა შესაძლოა დაკავშირებული იყოს რაიმე შინაგან დაავადებასთან (მაგ. ფარისებრი ჯირკვლის), რომელიმე ნივთიერების უკმარისობასთან (მაგ. რკინის), სტრესთან, ანტიდეპრესანტების მიღებასთან და სხვ., ამიტომ აუცილებელია თმასთან არსებული პრობლემის მიზეზის დადგენა.

ამაში დაგეხმარებათ ექიმი – ტრიქოლოგი. ტრიქოლოგია (ბერძ. Trichos – თმა, logos – სწავლება) – დერმატოლოგიის განხრაა, რომელიც შეისწავლის თმასთან დაკავშირებულ პრობლემებს. იმ შემთხვევაში, თუ გამოკვლევის შედეგად გამოირიცხება რაიმე პრობლემის არსებობა, როგორც წესი, ინიშნება მინოქსიდილის შემცველი რომელიმე პრეპარატი

მინოქსიდილი (minoxidil) – სამკურნალო პრეპარატია, რომელიც გამოიყენება თავზე თმის ცვენის საწინააღმდეგოდ და ახდენს თმის ამოსვლის სტიმულირებას და იგივე ეფექტი აქვს წვერის შემთხვევაშიც. მინოქსიდილი ეფექტურია იმ შემთხვევაშიც, როდესაც წვერი ნელა იზრდება ან იზრდება ბუდობრივად, ალაგ-ალაგ და ვერ მიიღწევა სასურველი ვიზუალური ეფექტი.

პრეპარატის მოხმარება საკმაოდ მარტივია: იგი თანაბრად ნაწილდება და გულდასმით, თითების ნელი მოძრაობებით შეიზილება კანზე, თუმცა მნიშვნელობა აქვს პრეპარატის კონცენტრაციას, რომელიც ექიმმა ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოს. პრეპარატს გააჩნია უკუჩვენებებიც და საკმაოდ ხშირია გვერდითი მოვლენებიც, ამიტომ მოხმარების დაწყებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პრეპარატს არ გააჩნია ხანგრძლივი ეფექტი და მისი გამოყენების შეწყვეტიდან მალევე ისევ ბრუნდება ძველი მდგომარეობა.

ფინასტერიდი (finasteride) – სამედიცინო პრეპარატი, რომელიც ახდენს ტესტოსტერონის გადაყვანას უფრო აქტიურ ანდროგენში – დიჰიდროტესტოსტერონში (DHT) და ძირითადად გამოიყენება წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (გადიდების) სამკურნალოდ. პრეპარატის მიღებით გამოწვეული ორგანიზმში მამაკაცური ჰორმონების დონის ამაღლებასთან ერთად, მატულობს თმიანობაც, ამიტომ ფინასტერიდს იყენებენ მამაკაცებში გამელოტებასთან ბრძოლისას.

მარტივია მისი მოხმარებაც, რადგან იგი გამოდის აბების სახით. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ პრეპარატის მიღება ორგანიზმში ცვლის ჰორმონალურ ბალანსს და ექიმის კონსულტაციის გარეშე მისმა თვითნებურმა მიღებამ შესაძლოა მძიმე შედეგი გამოიღოს, როგორიცაა იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება, ეაკულატის მოცულობის შემცირება.

უნდა გვახსოვდეს, რომ სამედიცინო პრეპარატები გამოიყენება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ექიმის დანიშნულებით და ყოველთვის უპირატესობა უნდა ენიჭებოდეს ბუნებრივ საშუალებებს, რაც გამორიცხავს არასასურველ გართულებებს და გვერდით მოვლენებს.


სტატიის გამოყენების პირობები

ჩვენს ბლოგზე გამოქვეყნებული ნებისმიერი სტატია შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს ბლოგზე ან ვებგვერზე, შემდეგი პირობების დაცვით: მიუთითეთ წყარო და დალინკეთ შესაბამის სტატიაზე. დიდი მადლობა წინასწარ!

სტატიის ავტორი:

მედიცინის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, BEARD.GE-ს მოწვეული ავტორი.

6 thoughts on “წვერის ზრდასთან დაკავშირებული 7 ფაქტორი

  1. ladogelenidze says:

    მადლობა ასეთი საინტერესო სტატიისთვი. თმის ზრდათან დაკავშირებული სწორი კვების მონაცემები, ვგულისხმობ ვიტამინებს რა თანმიმდევრობით უნდა მივიღო ან როგორი გრაფიკით? რამდენიმე ერთნაირი ვიტამინის შემცველი საკვები, რომ მიიღო ერთად ან ცალ-ცალკე შეიძლება თუ არა და ეს სწორი კვების ეფექტი მხოლოდ სახის თმაზე (წვერზე მოქმედებს) თუ ჩვეულებრივ თავის თმაზე ? მადლობა ყურადღებისთვის <3

    • მარინა ჩხიკვიშვილი says:

      გამარჯობა ლადო,
      წვერზე და თმაზე ერთნაირად მოქმედებს, მიღება შეიძლება სხვადასხვა პროდუქტით ნებისმიერი კომბინაციით. თანმიმდევრობას და გრაფიკს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია შევსებული იყოს ორგანიზმისთვის აუცილებელი დღიური ნორმა.

      მადლობა რომ კითხულობთ ჩვენს ბლოგს ❤️

  2. ladogelenidze says:

    მადლობა თქვენ <3 დღიურ დოზას საშუაოდ რამდენია თუ შეიძლება მითხრათ მაგ: კვერცხი, მწვანიი ნიგოი რათქმაუნდა თუ არ შეწუხდებით ან მითხარით სად შეიძლება თქვენი ნახვა <3

    • მარინა ჩხიკვიშვილი says:

      გამარჯობა ლადო,

      არსებობს ცხრილები, სადაც ვიტამინების დღიური დოზები გათვლილა სქესის, ასაკის, წონის, საქმიანობის და ა.შ. მიხედვით.

      (მაგალითადაქ: http://www.lenntech.com/recommended-daily-intake.htm ან აქ: http://www.lenntech.com/recommended-daily-intake.htm )

      შემდეგ უნდა ნახოთ ცხრილები, სადაც გათვლილია რომელ პროდუქტში რა ვიტამინებია და რა რაოდენობით და ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეირჩევა ინდივიდუალური რეკომენდაციები. თუ ამ ყველაფრის მოძიება თქვენთვის რთულია, მაშინ სასურველია დაუკავშირდეთ ექიმ-დიეტოლოგს, რომელიც უკეთ დაგაკვალიანებთ

კომენტარის დატოვება